პოლონელი ფერმერები „მედიკა-შეგინის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, ფერმერების პროტესტი რამდენიმე მიზეზმა გამოიწვია , მათ შორის შეუსრულებელმა დაპირებამ, რომ მიმდინარე წელსაც სასოფლო-სამეურნეო გადასახადი 2023 წლის დონეზე შენარჩუნდებოდა. ასევე ფერმერები აპროტესტებენ ევროკავშირისა და მერკოსურის ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას. ფერმერები აცხადებენ, რომ ხელშეკრულება მათ ბიზნესებს დააზარალებს. მედიის ცნობით, ფერმერებმა გადაკეტეს გზა და არ ატარებენ უკრაინიდან მომავალ სატვირთო მანქანებს. პოლონეთიდან უკრაინისკენ მიმავალი სატვირთო მანქანები კი მხოლოდ საათში ერთხელ გადის. ორივე მიმართულებით თავისუფლად მოძრაობენ მსუბუქი ავტომობილები, ავტობუსები და ჰუმანიტარული დახმარების მანქანები.