გაერო-ში ისრაელის ელჩის, დანი დანონის განცხადებით, „ჰეზბოლასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები წინ მიდის. დანონმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, რომ ელოდება ისრაელის მთავრობის შეკრებას მიმდინარე კვირაში, რომლის დროსაც ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის საკითხს განიხილავენ. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ ლიბანელ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მომდევნო 36 საათის განმავლობაში ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი განაცხადებენ. თემაზე საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და თეთრ სახლს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.