მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, საქართველოში მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგებამ 99 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 9.2 მლნ ლარით მეტია. ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, მისო-ების მთლიანი აქტივები 2 მილიარდ 320 მილიონ ლარს შეადგენდა, მთლიანი კაპიტალი კი დაახლოებით 800 მლნ ლარს. სებ-ის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში, მისო-ების მთლიანმა საპროცენტო შემოსავალმა დაახლოებით 363 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან სექტორმა 320 მლნ ლარი მიიღო, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან საპროცენტო შემოსავალმა კი დაახლოებით 4 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში მისო-ების მთლიანი არასაპროცენტო შემოსავლები 56 მლნ ლარს აჭარბებდა. ცნობისთვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 34 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა.