კოლეგიის შემადგენლობაში იქნება საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. რაც შეეხება საარჩევნო კოლეგიის დანარჩენ 109 წევრს, მათ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან დაასახელებენ. პრეზიდენტის არჩევნები საქართველოს პარლამენტში 14 დეკემბერს დილის 09:00 საათზე დაიწყება. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს აქვს. ცესკო-ში აცხადებენ, რომ თუკი არჩევნების პირველ ტურში კანდიდატმა ხმების 2/3 ვერ მიიღო, იმავე დღეს მეორე ტური გაიმართება და არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.