* ოტის რედინგი -
მართალია, ამერიკული სოულის კლასიკოსის ოტის რედინგის კარიერა მხოლოდ ხუთ წელს გაგრძელდა, მაგრამ ახალგაზრდა მუსიკოსმა, რომელიც 26 წლისა დაიღუპა ავიაკატასტროფაში, უზარმაზარი გავლენა მოახდინა სოულ-მუსიკოსების შემოქმედებაზე, მათ სტილზე და არა მხოლოდ "სოულის მეფის", არამედ ყველაზე გემოვნებიანი შავკანიანი მუსიკოსის ტიტულიც დაიმსახურა, რადგან სწორედ მან დაამკვიდრა ორბორტიანი პიჯაკის და პერანგის ქვეშ ყელიანი სვიტერის ტარების მოდა.
* * *
ოტის რეი რედინგ-უმცროსი 1941 წლის 9 სექტემბერს დაიბადა ჯორჯიას შტატის ქალაქ დონონში, ბაპტისტი მღვდლის ოჯახში, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ადრეული ასაკიდანვე შეიყვარა გოსპელი. 5 წლის ოტისმა საეკლესიო გუნდში დაიწყო სიმღერა, მოგვიანებით კი, მთელ დროს ადგილობრივ კლუბებსა და ბარებში ატარებდა, სადაც სოულისა და რიტმ-ენდ-ბლუზის შემსრულებელთა მოსმენით ისწავლა ჯერ გიტარაზე, მერე ფორტეპიანოზე დაკვრა.
მოზარდი რედინგი სისტემატურად მონაწილეობდა ახალგაზრდა ტალანტების შოუში Teenage Party-ში, რომლის მთავარი პრიზი 15-ჯერ მოიგო, მერე კი, შოუს ორგანიზატორებმა აუკრძალეს კონკურსში მონაწილეობა. არაჩვეულებრივი ნიჭის და მუსიკალური მონაცემების მიუხედავად, მამის ავადმყოფობისა და ფინანსური პრობლემების გამო, 15 წლის ოტისს სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა, რათა მატერიალურად დახმარებოდა ოჯახს.
* * *
ოჯახის მეიკონში გადასვლის შემდეგ რედინგმა ჯერ ჯგუფში The Upsetters-ში მოსინჯა ვოკალური შესაძლებლობები, მოგვიანებით კი, მეგობრის ფილ უოლდენის დახმარებით, რომელმაც მისი მენეჯერობა ითავა, ბევრად მასიურ კოლექტივს Johnny Jenkins And The Pinetoppers-ს შეუერთდა, თუმცა იმდენად მწირი აღმოჩნდა შემოსავალი, რომ პარალელურად ავტობუსის მძღოლად მოუწია მუშაობა.
სადებიუტო სინგლი She’s Alright რედინგმა 1959 წელს ჩაწერა, რასაც ერთი წლის შემდეგ კომპოზიცია Shout Bamalama მოჰყვა, რომელიც მუსიკოსმა ლითლ რიჩარდის შემოქმედების გავლენით შექმნა. გარდამტეხი ოტისისთვის 1962 წელი აღმოჩნდა, როცა ჯგუფი Johnny Jenkins And The Pinetoppers მემფისში გაემგზავრა ხმისჩამწერ სტუდიაში Stax Records-ში სამუშაოდ. სწორედ იქ მოისმინა სტუდიის ხელმძღვანელმა ჯიმ სტიუარტმა მისი საავტორო კომპოზიციები These Arms Of Mine და Hey Hey Baby და მათი ჩაწერა შესთავაზა.
მართალია, დამუშავების შემდეგ რედინგის კომპოზიციები Johnny Jenkins And The Pinetoppers-ის სტუდიურ ალბომში შევიდა, მაგრამ ვოკალის თანმხლები მთავარი მელოდიური ხაზის არანჟირება ორიგინალში უკეთესი აღმოჩნდა, ამიტომ 1962 წელს These Arms Of Mine პირვანდელი ვერსიით გამოიცა, ერთი წლის შემდეგ კი, კომპოზიცია ამერიკული Billboard Hot 100-ში მოხვდა. სწორედ სადებიუტო სინგლის წარმატების წყალობით მოხვდნენ ჩარტში რედინგის სხვა ნამუშევრებიც, მათ შორის Pain In My Heart, That’s How Strong My Love Is, I’ve Been Loving You Too Long, Mr. Pitiful. მოგვიანებით ყველა კომპოზიცია მუსიკოსის სადებიუტო ალბომში Pain in My Heart-ში შევიდა, რომლითაც 1964 წელს ჰარლემის ცნობილ თეატრში "აპოლოში" წარსდგა პუბლიკის წინაშე.
* * *
სიმღერების უმეტესობა რედიგმა დამოუკიდებლად შექმნა და მხოლოდ რამდენიმე კომპოზიციაზე იმუშავა გიტარისტთან სტივენ კროპერთან ერთად. 1965 წლის გაზაფხულზე ამერიკულ ჩარტში მუსიკოსის ორი სიმღერა ჯერი ბატლერთან თანაავტორობით დაწერილი I’ve Been Loving You Too Long და დამოუკიდებლად შექმნილი Respect მოხვდა, რომელიც ორი წლის შემდეგ არეტა ფრანკლინმა აქცია საკუთარ სავიზიტო ბარათად. წარმატებულ სინგლებს მალე ალბომი Otis Blue მოჰყვა კომპოზიციებით Shake, Satisfaction და A Change is Gonna Come, რომელიც დღეს ამერიკული რიტმ-ენდ-ბლუზის კლასიკად ითვლება.
წარმატებულ კომპოზიციებს არანაკლებ წარმატებული გამოსვლა მოჰყვა ლოს-ანჯელესის როკ-კლუბში Whisky a Go Go-ში, მით უფრო, რომ რედინგი ერთ-ერთი პირველი შავკანიანი შემსრულებელი გახდა, ვინც ამერიკის დასავლეთში, პრესტიჟულ კლუბში მოაწყო კონცერტი და თეთრკანიანი პუბლიკის, მათ შორის გაზეთის Los Angeles Times-ის დადებითი შეფასება დაიმსახურა. სხვათა შორის, რედინგის გამოსვლას ბობ დილანიც დაესწრო, რომელმაც მუსიკოსს მისი სიმღერის Just Like a Woman ალტერნატიული ვერსიის ჩაწერა შესთავაზა. უდიდესი პატივისცემა გამოიჩინეს მუსიკოსის მიმართ ჯგუფის The Rolling Stones-ის წევრებმაც, რომელთაც მისი კომპოზიციების That’s how strong my love is და Pain in my heart საკუთარი ვერსია ჩაწერეს, რედინგმა კი, საპასუხოდ Rolling Stones-ის ცნობილი ჰიტი Satisfaction გამოუშვა საკუთარი ინტერპრეტაციით.
* * *
1967 წელს რედინგმა მუსიკალური სამყაროსთვის გრანდიოზულ ღონისძიებაში - Monterey Pop Festival-ში მიიღო მონაწილეობა და უზარმაზარი აუდიტორიის წინაშე წარსდგა. სწორედ ფესტივალში მონაწილეობამ გაამყარა მისი პოპულარობა, როცა პუბლიკა აღფრთოვანებული შეძახილებითა და მქუხარე აპლოდისმენტებით შეხვდა.
1967 წლის 7 დეკემბერს The Beatles-ის ალბომის Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band-ის შთაგონებით რედინგმა კომპოზიცია (Sittin' On) The Dock of the Bay ჩაწერა, რომელიც 1968 წლის დასაწყისში გამოიცა სინგლად და ნაციონალურ ჰიტად იქცა, რადგან Billboard-ის ჩარტის ლიდერობის მოპოვების შემდეგ, 3 კვირაში გაიყიდა მილიონ ეგზემპლარად.
* * *
1967 წლის 10 დეკემბერს მორიგ კონცერტზე გამგზავრებული რედინგი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. თვითმფრინავმა ვისკონსინის შტატში, მდინარე მონონის თავზე განიცადა კატასტროფა. მუსიკოსთან ერთად დაიღუპა მისი თანმხლები ჯგუფის Bar-Kays-ის ოთხი წევრიც, გადარჩენა კი, მხოლოდ ერთმა ბენი კოულმა მოახერხა.
რედინგის გარდაცვალების შემდეგ ერთი-ორად გაიზარდა მისი ჩანაწერების გაყიდვა, მით უფრო, რომ მუსიკოსმა უზარმაზარი მასალა დატოვა, რომელიც ოთხ ალბომში გაერთიანდა. აღსანიშნავია, რომ 1981 წელს რედინგის შვილმა საკუთარი ჯგუფი შექმნა და ახალი არანჟირებით გამოსცა მამის არარეალიზებული კომპოზიციები, რომელთაც სხვადასხვა ჩარტების, მათ შორის Billboard-ის რიტმ-ენდ-ბლუზის ტოპათეულის ლიდერობა მოიპოვეს. 1989 წელს მუსიკოსი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ნუსხაში შევიდა, 1999 წელს კი, Grammy Lifetime Achievement Award-ის პრემია დაიმსახურა.
რედინგის სტილი დღემდე უნიკალურად ითვლება. მეტიც, პრაქტიკულად ყველა თანამედროვე აფროამერიკელი მუსიკოსი სწორედ მას მიიჩნევს სოულისა და რიტმ-ენდ-ბლუზის მეფედ, რომელმაც უზარმაზარი გავლენა მოახდინა ამ მუსიკალური ჟანრების განვითარებაზე.