საერთო ეროვნული გაფიცვა და დაუმორჩილებლობა - მას შემდეგ რაც "ქართულმა ოცნებამ" 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნა, ოპოზიცია ხალხს უწყვეტი პროტესტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ დღეს ქვეყანა უახლოეს ისტორიაში ყველაზე დრამატულ და მძიმე პროცესებს გადის; საზოგადოებამ უნდა გაიაზროს ვითარების სიმძიმე და ქუჩაში გამოვიდეს. დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე შეკრებას დღეს 19 საათზე აპირებენ. მანამდე არასამთავრებო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი გუშინდელ საპროტესტო აქციას ეხმაურება და სამართალდამცველების მხრიდან დემონსტანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტებზე მიუთითებს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აქციის მონაწილეებისა და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევებზე გამოძიება დაიწყო.