სიღნაღში ელჩების კონფერენციის დახურვის ღონისძიება მიმდინარეობს. მას მიხეილ ყაველაშვილი, ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილიც ესწრებიან. პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტის შესაბამისად, გრძელდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენისა და დეოკუპაციის, საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობის შერიგების და ჩართულობის პოლიტიკა. პრემიერის თქმით, დიპლომატიური სამსახური აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებში ქვეყნის ინტერესების დასაცავად. პრემიერმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა. კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში შემხვედრი ნაბიჯები იქნება გადადგმული.