დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 600-მდე ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის. აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება. „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტი, 2014 წლიდან დაიწყო და დღემდე სახელმწიფომ სახლი 11 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს შეუსყიდა, მათ შორის 1400-მდე ოჯახი მიმდინარე წელს განსახლდა.