მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული ცხრა პირი ბოლნისის საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმე იყო. შსს-ს ინფორმაციით, მარნეული-ბოლნისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, რომლის შედეგად ორი არასრულწლოვანი გარდაიცვალა, ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა და ვითარება დაიძაბა. უწყების ცნობით, დაპირისპირების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელმა და დაშავდა რვა მოქალაქე.როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, დაპირისპირება მოხდა როგორც შეკრებილ მოქალაქეებს, ასევე, მოქალაქეებსა და ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს შორის. შეკრებილებმა გადააბრუნეს შეჯახებაში მონაწილე ავტოსატრანსპორტო საშუალება, ასევე, სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი. სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, მათ შორის საპატრულო, კრიმინალური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლები. როგორც ცნობილია, მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2003 წელს დაბადებული პირია.