მანჰეტენის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 5 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს მწერალ ელიზაბეტ ჯინ კეროლს, რომელმაც ის შევიწროებასა და ცილისწამებაში დაადანაშაულა. 2023 წლის მაისში, ნიუ-იორკის ნაფიცმა მსაჯულებმა ტრამპი დამნაშავედ ცნეს სამოქალაქო სარჩელში. შემდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპმა კეროლს 5 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს, თუმცა ნაფიცმა მსაჯულებმა ის გაუპატიურებაში დამნაშავედ არ ცნეს. 2019 წელს კეროლმა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც წერდა, როგორ შეხვდა ტრამპს მაღაზიაში 1990-იან წლებში. მისი განცხადებით, მაღაზიის გასახდელში მილიარდერმა მას ძალის გამოყენებით აკოცა და გააუპატიურა. ამის საპასუხოდ ტრამპმა განაცხადა, რომ კეროლს არ იცნობს და ის „მის გემოვნებაში არაა“.