1. ინციდენტი მარნეული-ბოლნისის საავტომობილო გზაზე, ორი გარდაცვლილი და 10 დაშავებული - ბოლნისში საპოლიციო ძალები ამ დრომდე რჩებიან. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმი ბოლნისის ცენტრალურ კლინიკასთანაა მობილიზებული. ბოლნისის ცენტრალური საავადმყოფოს „ემერჯენსის“ ხელმძღვანელის, ოთარ ქებაძის განცხადებით, სოფელ ნახიდურში ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაზარალებული ათი პირიდან, რვამ სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა. ექიმის ინფორმაციით, კლინიკაში მყოფ პაციენტებს „მძიმე დაზიანებები“ აღენიშნებათ. შსს-ს ინფორმაციით, მარნეული-ბოლნისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, რომლის შედეგად ორი არასრულწლოვანი გარდაიცვალა, ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა და ვითარება დაიძაბა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, დაპირისპირება მოხდა როგორც შეკრებილ მოქალაქეებს, ასევე, მოქალაქეებსა და ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს შორის. შეკრებილებმა გადააბრუნეს შეჯახებაში მონაწილე ავტოსატრანსპორტო საშუალება, ასევე, სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი. სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, მათ შორის საპატრულო, კრიმინალური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლები. როგორც ცნობილია, მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2003 წელს დაბადებული პირია.