სპეციალისტები რუსეთიდან, ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან ბრაზილიაში ჩავლენ იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ ყაზახეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთების გაშიფვრაში, - ინფორმაციას რუსული მედია ბრაზილიის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის მე-13 დანართის შესაბამისად და ყაზახეთის საავიაციო შემთხვევების გამოძიების დეპარტამენტის მოთხოვნის საპასუხოდ, საავიაციო შემთხვევების გამოძიებისა და მოხსენების ცენტრი მიიღებს მათ სამ წარმომადგენელს და ამ ქვეყნის მიერ მოწვეულ სპეციალისტებს - სამს აზერბაიჯანიდან და სამს რუსეთიდან“. მათივე ინფორმაციით, შავი ყუთები ბრაზილიაში სამშაბათს ჩავა. 25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქტაუში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი.