პოლიტიკური ლიდერები სოფელ ნახიდურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებენ. სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მარნეული-ბოლნისის საავტომობილო გზაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. ლევან იოსელინმა შესაბამის ორგანოებს მოუწოდა პრიორიტეტი მიანიჭონ საგზაო უსაფრთხოების ზომების დანერგვასა და აღსრულებას, შესაბამისი საგზაო ნიშნების მოწყობასა და სიჩქარის შეზღუდვას. დღეს მედიასთან შემთხვევის სათანადოდ გამოძიებისა და ბრალდებული პირების პასუხსგემაში მიცემის აუცილებლობაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა. მიხეილ სარჯველაძე მარნეული-ბოლნისის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების მანქანის ამოაყირავის ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი დამოკიდებულება არ უნდა იყოს წახალისებული. ტრაგიკული შემთხვევა გუშინ საღამოს სოფელ ნახიდურში მოხდა. მარნეული-ბოლნისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, რომლის შედეგად ორი არასრულწლოვანი გარდაიცვალა, ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა და ვითარება დაიძაბა. შეკრებილებმა გადააბრუნეს შეჯახებაში მონაწილე ავტოსატრანსპორტო საშუალება, ასევე, სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი. დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაზარალებული ათი პირიდან, რვამ სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა. ექიმის ინფორმაციით, კლინიკაში მყოფ პაციენტებს „მძიმე დაზიანებები“ აღენიშნებათ.