პრემიერ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს, სახელმწიფო დაცვა დაენიშნა, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს კი გაუხანგრძლივდა. კაციტაძე ამ უწყების ხელმძღვანელია 2022 წლის მარტიდან. აქამდე მას სახელმწიფო დაცვით არ უსარგებლია. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძის განკარგულებითვე, 2025 წლის პირველი იანვრიდან პირველ ივლისამდე პერიოდში სახელმწიფო დაცვა გაუხანგრძლივდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, დაცვა მოეხსნება პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა თუ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც დაარღვევს კონსტიტუციას, ამ ფაქტს საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს, მაგრამ მისი თანამდებობიდან გადაყენება მაინც ვერ მოხერხდება. ამგვარი განმარტების ფარგლებში დაცვით ვეღარ ისარგებლებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.