გაერო-ში ისრაელის ელჩმა, დენი დანონმა განაცხადა, რომ უკანასკნელად აფრთხილებს „ჰუსიტებს“ ისრაელზე სარაკეტო თავდასხმები შეწყვიტონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მისი თქმით, ისინი „ჰამასის“, „ჰეზბოლას“ და სირიის ყოფილი ლიდერის, ბაშარ ალ-ასადის „სავალალო ბედს“ გაიზიარებენ. ელჩმა, ასევე, გააფრთხილა თეირანი, რომ ისრაელს აქვს შესაძლებლობა ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ირანში, ნებისმიერ სამიზნეს დაარტყას და რომ ისრაელი არ მოითმენს ირანის მარიონეტების მხრიდან თავდასხმებს. ამ განცხადებების შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იემენიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა მოიგერიეს, რის გამოც მთელი ქვეყნის მასშტაბით განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა. ამასთან, „ჰუსიტების“ სამხედრო პრესსპიკერმა იაჰია სარიმ დღეს განაცხადა, რომ თელ-ავივის მახლობლად მდებარე ბენ-გურიონის აეროპორტსა და იერუსალიმის სამხრეთით მდებარე ელექტროსადგურზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს.