სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა დაკავებულს, რომელიც, 30 დეკემბერს, ბოლნისში ორ არასრულწლოვანს ავტომანქანით შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოზარდები ადგილზე გარდაიცვალნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 30 დეკემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ავტომანქანით გადაადგილებისას ბრალდებულმა გამოიჩინა უყურადღებობა, ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა და ორ არასრულწლოვანს შეეჯახა. უწყების ცნობით, ბრალდებული, 30 დეკემბერს, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მალევე დააკავეს. ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეული-ბოლნისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა. მძღოლი ავტომობილით ოთხ მგზავრთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც ქვეითად მოძრავ ორ მოზარდს დაეჯახა. შემთხვევის ადგილას ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა და ვითარება დაიძაბა. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო რვა მოქალაქემ და რამდენიმე პოლიციელმა.