გერმანიაში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების გამო მომხდარ ინციდენტებს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, ნენსი ფეზერი ეხმაურება. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში მინისტრმა დაშავებულ პოლიციელებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა და აღნიშნა, რომ ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება და გასამართლდება. მან ასევე, შეაქო საგანგებო სამსახურების მუშაობა და აღნიშნა, რომ გაძლიერებული საპოლიციო ძალების მობილიზება და დროული და თანმიმდევრული ზომების მიღება არის სწორი გზა ძალადობისა და არეულობის გამომწვევთა წინააღმდეგ. ახალი წლის ღამეს გერმანიაში პიროტექნიკისგან შემთხვევით მიღებული დაზიანებით ქვეყნის მასშტაბით ხუთი ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა. გერმანიის მთავრობამ დაგმო ახალი წლის ღამეს მომხდარი ინციდენტების სერია, რომლის დროსაც პოლიციელებსა და მეხანძრეებს პიროტექნიკის გამოყენებით თავს დაესხნენ.