პარლამენტის სამი მოწვევის წევრი, სხვადასხვა დროს სახელმწიფო მაღალი თანამდებობის პირი, ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქართველი პოლიტიკოსი ნიკო ლეკიშვილი 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი იყო. ასევე ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს 1991 წლის 9 აპრილს. 1993-1995 წლებში ნიკო ლეკიშვილს თბილისის მერის თანამდებობა ეკავა. მისი გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ნიკო ლეკიშვილმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა როგორც თბილისის, ისე მთელი საქართველოს განვითარებაში. სამძიმარს უერთდება თბილისის მერი, კახა კალაძეც.