სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის საპასუხოდ მისი მთავრობა გარკვეულ ზომებს განიხილავს. მისი თქმით, უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტა „ზელენსკის დივერსიაა“ და ამის გამო მისი ქვეყნის ზარალი წელიწადში 500 მილიონ ევროს შეადგენს. მანვე დაადასტურა, რომ სლოვაკეთის მთავრობის წარმომადგენლები მომავალ სამშაბათს ბრიუსელში ტრანზიტის შეჩერების საკითხს განიხილავენ. სლოვაკეთის პრემიერის თქმით, მისი ქვეყნისთვის სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი გაზის ტრანზიტის აღდგენა ან თითქმის 500 მილიონი ევროს დანაკარგისთვის კომპენსაციაა. ბრიუსელში მოლაპარაკებების შემდეგ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი კოალიციური საბჭოს მოწვევას გეგმავს, რის შემდეგაც მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართება, რომელზეც კოალიციის პარტნიორები შესაბამის ზომებს განიხილავენ. შეგახსენებთ, უკრაინამ საკუთარი ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტი 1-ელი იანვრიდან შეწყვიტა.