ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 119-ე კონგრესმა მუშაობა დაიწყო. ახლადარჩეულმა კონგრესმენებმა ფიცი დადეს და შესაბამის წიგნში ხელიც მოაწერეს. რესპუბლიკურ პარტიას კონგრესის ორივე პალატაზე სრული კონტროლი აქვს. პირველივე სამუშაო დღეს წარმომადგენელთა პალატის სპიკერად ისევ მაიკ ჯონსონი აირჩიეს. მან კონგრესმენების 218 ხმა მოაგროვა, მაშინ როდესაც დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჰაკიმ ჯეფრისმა 215 ხმა მიიღო. ჯონსონს ხმას თავდაპირველად რესპუბლიკური პარტიის სამი წარმომადგენელი არ აძლევდა. ამ თანამდებობაზე ჯონსონის დატოვება აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციატივა იყო.