გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ამერიკელ მილიარდერს, ილონ მასკს ტროლი უწოდა. შოლცის თქმით, სოციალ-დემოკრატები შეჩვეულები არიან იმ ფაქტს, რომ არსებობენ მდიდარი მედიამეწარმეები, რომლებიც არ აფასებენ სოციალ-დემოკრატიულ პოლიტიკას და არც მალავენ თავიანთ მოსაზრებებს, მაგრამ ამ საკითხში ახალი არაფერია. ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიმართ ილონ მასკის მხარდაჭერის გამო გერმანიის კანცლერმა შეშფოთება გამოთქვა. შოლცის თქმით, ამგვარ შეურაცხყოფაზე ბევრად უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მასკი მხარს უჭერს პარტიას, რომელიც პუტინის რუსეთთან დაახლოების მომხრეა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შესუსტებას ცდილობს. ოლაფ შოლცის განცხადებით, საიდუმლო არ არის, რომ კომპანია „ტესლა“ გერმანიის ელექტრული დამტენი სადგურების მთავრობის მხრიდან დაფინანსების წინააღმდეგი იყო. 20 დეკემბერს მაგდებურგში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მასკმა შოლცს – „არაკომპეტენტური სულელი“, შტაინმაიერს კი „ანტიდემოკრატიული ტირანი“ უწოდა.