ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემდეგ შეუძლია. როგორც მან ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში აღნიშნა, მოსკოვთან საუბარი მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, რაც კიევს უსაფრთხოების გარანტიებს შესთავაზებენ. ზელენსკის აზრით, ტრამპს ამის გაკეთება შეუძლია. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტს დაუსვეს შეკითხვა : იქნება თუ არა უკრაინა თანახმა, ნატო-ში გაწევრიანების მიწვევის სანაცვლოდ, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები, ასევე ყირიმი დათმოს. ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, ასეთი სცენარი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ უკრაინა ომის დასრულების დიპლომატიურ გზას დაინახავს.