მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი. მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც, ვარსკვლავთ მრიცხველებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. შობის ღამეს მორწმუნეები ფანჯარასთან სანთელს ანთებენ, რითიც სიმბოლურად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსა და მართალ იოსებს თავისთან იწვევენ.