ერთ-ერთი ყველაზე დიდი საუფლო დღესასწაული ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ყველა ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა. სასულიერო პირებმა მრევლს ქადაგებით მიმართეს და შობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მრევლს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე სამების საკათედრო ტაძარში გააცნეს. უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს შობის დღესასწაულს ულოცავს, სადღესასწაულო ეპისტოლეში კი ყურადღებას სხვადასხვა ადამაინური ცოდვის დათრგუნვის მნიშვნელობაზე ამახვილებს. პატრიარქის ეპისტოლის მიხედვით, ამპარტავნება და ეგოიზმი არის უფლისგან განდგომილი ადამიანის მკვეთრი მახასიათებელი. „ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“ - ამ დიდი ძალისა და სიღრმის მქონე ზეციურმა სიტყვებმა დაე, მოიცვას და ღმერთში გააერთიანოს ყველა“ - ნათქვამია ეპისტოლეში. შობის საზეიმო ღვთისმსახურებას სამების საკათედრო ტაძარში ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.