„ესოშიეთიდ პრესი“ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის თავისი ბოლო სამხედრო დახმარების პაკეტის გამოცხადებას 9 იანვარს აპირებს. აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის სხდომის დღეს გამოცხადდება, რომელიც „რამშტაინის“ ფორმატის სახელითაა ცნობილი. გამოცემას წყაროებმა პაკეტის ზუსტი ღირებულება არ დაუსახელეს, მაგრამ განაცხადეს, რომ ის მნიშვნელოვანი იქნება. სავარაუდოდ, დახმარება ოთხ მილიარდ დოლარს, რაც კონგრესის მიერ უკრაინისთვის დამტკიცებული დაფინანსების ფარგლებში თეთრ სახლს დარჩა, სრულად არ მოიცავს. როგორც წყაროებმა აღნიშნეს, ორ მილიარდ დოლარზე მეტი დარჩება, რომლის განკარგვასაც დონალდ ტრამპის ახალი ადმინისტრაცია შეძლებს. 2022 წელს ომის დაწყებიდან დღემდე აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების საერთო მოცულობა 66 მილიარდი დოლარია.