"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო სანქციების პოლიტიკას ვრცელი განცხადებით ეხმაურება. მმართველი პარტიის პოზიციით, დასავლეთის მხრიდან ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზანი საქართველოს ომში ჩართვაა. განცხადების მიხედვით, ქართულ ოცნებას დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვა, ,,გლობალური ომის” პარტიისა და ,,დიფ სთეითის” გავლენების შემცირებით ესახება. ხელისუფლების ოპონენტების აზრით კი, მმართველი გუნდი პროპაგანდისტული გზავნილების გაძლიერებით, მათ შორის, ომის შიშის დანერგვით, საზოგადოების განწყობებზე მანიპულირებას ცდილობს. ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ სანქციები და შეზღუდვები გაფართოვდება და საერთაშორისო რეაგირება კიდევ უფრო ხისტი იქნება.