რატომ გადაიდო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში - საკითხის ირგვლივ გაჩენილ კითხვებს "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში თავად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა უპასუხა. მისი თქმით, ოპოზიციამ უარი თქვა მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე შეხვედრაზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თბილისში ჩამოვიდოდა და მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს შევხვდებოდა, ეს შექმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს ეუთო ხელისუფლებას უჭერს მხარს. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში პია კაუმამ განმარტა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ზიანის მიყენების თავიდან არიდების მიზნით გარედან არავინ უნდა თქვას, მთავრობა ლეგიტიმურია თუ არა. ორგანიზაციის პრეზიდენტის თქმით, ეუთო-ს ფუნქცია არჩევნებზე დაკვირვება და რეკომენდაციების შესრულებაში დახმარებაა. კითხვაზე, – „თქვენი გადმოსახედიდან, ეს მთავრობა არის თუ არა ლეგიტიმური?“ – პია კაუმამ უპასუხა, რომ ეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და სხვა სამართლებრივი და პოლიტიკური სისტემების გადასაწყვეტია.