ხვალიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე ახალი შეზღუდვები ამოქმედდება , - ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ პროექტი „ეხო კავკაზა“ კომპანია „ჩერნო მორ ენერგოზე“ დაყრდნობით ავრცელებს. კომპანიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში აბონენტებს ელექტროენერგია დღეში 6 საათის განმავლობაში გაეთიშებათ. როგორც კომპანიაში განმარტავენ, შეზღუდვები დაწესებულია რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის სოციალური ნაკადის დაზოგვის აუცილებლობიდან გამომდინარე. ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება "ენგურჰესის" წყალსაცავში წყლის დაბალ დონეს უკავშირდება. გასული წლის 11 დეკემბრიდან მოსახლეობას ელექტროენერგია დღეში სამ საათზე ნაკლები დროით მიეწოდებოდა, 23 დეკემბერს კი რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის „ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება“ დაიწყო. ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე დაწესებული შეზღუდვა მხოლოდ ახალი წლის დღეებში არ მოქმედებდა.