თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით, თუ ტერორისტული დაჯგუფება „ქურთისტანის მუშათა პარტია“ სირიის დატოვების ულტიმატუმს არ შეასრულებს, სამხედრო ოპერაცია აუცილებელი პასუხი იქნება. თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საერთაშორისო ტერორისტ მებრძოლებად მიჩნეულმა პირებმა, რომლებიც სირიაში თურქეთიდან, ირანიდან და ერაყიდან ჩადიან, ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ. ფიდანის განცხადებით, სირიის ახალი ადმინისტრაცია სათანადოდ უნდა შეფასდეს, რადგან მას ომის არ ეშინია. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც ტერორისტული ჯგუფის წევრები სირიას დატოვებენ, სხვა ჯგუფებმა იარაღი უნდა დაყარონ და ახალ სისტემას შეუერთდნენ.