პარლამენტი არ პარლამენტობს, არის ჩაკეტილი კარების მიღმა. ერთპარტიული შეკრება არის, რომელიც რა გადაწყვეტილებებს ან რატომ იღებს, არავინ იცის,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ერთი პარტიის ხელშია.
„ვისი ინსტრუქციით არის გადაწყვეტილებები მიღებული, ერთი ადამიანისგან საქართველოში თუ საქართველოს საზღვრებს მიღმა, ესეც აღარ ვიცით. ვინ, რატომ, სად ინიშნება დიდ ხანია არ ვიცით ან რატომ მოხსნეს ვიღაც თანამდებობიდან, ესეც არასდროს არის ახსნილი, ესეც არის იმ დემოკრატიული პრინციპების დარღვევა, რომელზეც ნელ-ნელა ეს ქვეყანა შედნებოდა“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი შეფასებით, მთავრობა და პარლამენტი არ არის ლეგიტიმური.
„ჩვენ ვართ მდგომარეობაში, როდესაც დე ფაქტო პარლამენტი, დე ფაქტო მთავრობა დღეს ცდილობს შექმნას მმართველობის სურათი, როცა რეალურად, ქვეყანა არის გაჩერებული. თვითონაც იმალებიან. იმალებიან არა მხოლოდ პარლამენტში ჩაკეტილი კარების მიღმა, არამედ მათი ყველა მოქმედება არის ასევე დამალული, არ არის ახსნილი და ზოგჯერ გატანილი არის ქალაქიდანაც, როგორც „ამბასადორიალის“ მაგალითით მოხდა. ეს არის ძალიან სერიოზული და მძიმე სურათი. ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტი არის ერთი პარტიის ხელში, ალბათ, დანიშნული არის ერთი პარტიის მიერ. ეს ეხება ყველაფერს, ანტიკორუფციულ ბიუროს, აუდიტს, ეროვნულ ბანკს, პერსონალურ მონაცემთან დაცვის სამსახურს“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ტელევიზია „მატყუარა სურათს გვაჩვენებს“.
„პრაქტიკულად, ყველა გადაცემაში შეგვიძლია ვნახოთ, როგორ არის დამახინჯებული რეალობა, ეს არის ჩვენი რეალური სურათი“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განმარტებით, დიდი ხანია ქართული სასამართლო არ წარმოადგენს მაგალითს, თუ როგორი უნდა იყოს დემოკრატიულ ქვეყანაში ნამდვილი სასამართლო.
„დღეს არათუ რეფორმა, სასამართლო აღარ არსებობს. ეს ძალიან ნათლად დავინახეთ არჩევნების დროს, როდესაც ერთის გარდა, არცერთმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა არაფერი, თუ არა ცესკო-ს მხარეს არსებული პოზიციები. სასამართლოს ყველა დონე არის ხალხისგან წართმეული და ამ ქვეყანაში სამართლიანობა ვერ მოიპოვება, რაც დემოკრატიული სისტემისთვის პრაქტიკულად, დაშლაა“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.