ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად 10 000-ზე მეტი ნაგებობა განადგურდა, მეხანძრეები ვენტურას ოლქში ხანძრის ახალ კერას ებრძვიან. ტყის ხანძრების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. სამი ცხედარი იტონის ხანძრის სიახლოვეს იპოვეს, კიდევ ორი ადამიანი კი პალისადის ხანძრის შედეგად დაიღუპა. ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის, რობერტ ლუნას განცხადებით, სტიქიის ბევრ ზონაში მისვლა ვერ ხერხდება და დაღუპულთა რაოდენობა რეალურად უფრო მეტია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, იტონის ხანძრის შედეგად დაახლოებით 5 000 ნაგებობა განადგურდა, პალისადის ხანძარმა კი - 5 300-ზე მეტი შენობა-ნაგებობა გაანადგურა. ევაკუაციის განკარგულება 180 000-მდე ადამიანისთვის გაიცა, 200 000-მა კი ევაკუაციის გაფრთხილება მიიღო. მეხანძრეები ვენტურას ოლქში ხანძრის ახალ კერას ებრძვიან, რომელსაც კენეტის ხანძარი უწოდეს.