რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით როსტოვის, კურსკის, ვორონეჟის, ბრიანსკის, ბელგოროდის ოლქებში, კრასნოდარის მხარესა და აზოვის ზღვის თავზე 40 უკრაინული დრონი გაანადგურეს. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე 16 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, აზოვის ზღვის თავზე - 10, კურსკისა და ვორონეჟის ოლქებში - ოთხ-ოთხი, ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე - სამი, კრასნოდარის მხარეში - ორი, ბელგოროდის ოლქში კი ერთი დრონი ჩამოაგდეს. მანამდე როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალები როსტოვის ოლქში მასიურ საჰაერო თავდასხმას იგერიებდნენ. მისი თქმით, არავინ დაშავებულა, თუმცა ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში შენობები და ავტომობილები დაზიანდა.