ფინანსური დოკუმენტების გაყალბების საქმეზე დონალდ ტრამპის მიმართ განაჩენი დღეს გამოცხადდება. საქმის მოსამართლემ, ხუან მერჩანმა უკვე განაცხადა, რომ ის ტრამპს პატიმრობას არ მიუსჯის. ამის მიუხედავად, დონალდ ტრამპი იქნება პირველი პრეზიდენტი, რომელიც თანამდებობას სისხლის სამართლის საქმეში მსჯავრდებულის სტატუსით დაიკავებს. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი სასამართლო სხდომას არ დაესწრება და მონაწილეობას ონლაინ, ფლორიდაში მდებარე საკუთარი სახლიდან მიიღებს. დონალდ ტრამპი ნაფიცმა მსაჯულებმა ბიზნესჩანაწერების გაყალბების ბრალდებით დამნაშავედ მაისში ცნეს. ტრამპს 2016 წლის წინასაარჩევნო ფონდიდან დახარჯულ 130 ათას დოლარს ედავებიან, რომელიც დოკუმენტებში სამართლებრივი მომსახურების ხარჯებად გატარდა, რეალურად კი, გამოძიების ვერსიით, ეს თანხა პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსს ტრამპთან სექსუალური კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ გადაუხადეს. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას დენიელსთან ინტიმური სახის ურთიერთობა არ ჰქონია, და შესაბამისად, მისი დუმილის სანაცვლოდ წინასაარჩევნო ფონდიდან თანხები უკანონოდ არ გამოუყენებია.