კანადამ ვენესუელის მთავრობის 14 მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი მონაწილეობდნენ აქტივობებში, რომლებიც მხარს უჭერდნენ ვენესუელაში ადამიანის უფლებების დარღვევას. "სანქციები არის სოლიდარობის გზავნილი ვენესუელელი ხალხის მიმართ", - ნათქვამია კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, რომელმაც დღეს თანამდებობა მესამე ვადით დაიკავა, მუდმივად უარყოფს შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს და აცხადებს, რომ ეს არის უკანონო ზომები, რომლებიც ეკონომიკურ ომს წარმოადგენს და მიზნად ვენესუელას დასუსტებას ისახავს.