"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული, საბა სხვიტარიძე კვლავ პატიმრობაში რჩება. მოსამართლე ნატო ხუჯაძემ არც დაცვის მხარის შუამდგომლობა და არც ბრალდებულის განმარტებები გაითვალისწინა. მან პროკურორის პოზიცია დასაბუთებულად მიიჩნია და ბრალდებული, რომელიც ამტკიცებდა, რომ თავად არის დაზარალებული, კვლავ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის პირობებში დატოვა. ხუჯაძის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში დაკავებულის ოჯახის წევრებისა და ახლობლების უკმაყოფილება მოჰყვა. "უბორკილო მონებო" - სწორედ ამ რეპლიკებით მიმართავდნენ მოსამართლესა და პროკურორს დამწრეები, რის შემდეგაც, ხუჯაძემ სხდომათა დარბაზი ყველას დაატოვებინა. დღევანდელ სხდომას აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი და ევროკავშირის დელეგაცია ესწრებოდნენ.