რა პირობებით შეიძლება მიანიჭონ უფლებამოსილება ევროსაბჭოში "ქართული ოცნების" დელეგაციას ?- ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტმა "ქართული ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე ანგარიში გამოაქვეყნა და 2025 წლის აპრილის სესიამდე დააწესა რიგი პირობები შესასრულებლად. საკითხზე კენჭისყრა დღევანდელ სესიაზე ჩატარდება. გამოქვეყნებულ ანგარიშში, ნათქვამია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები, მათ შორის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა ეწინააღმდეგება ევროსაბჭოში საქართველოს წევრობის ვალდებულებებს. დოკუმენტში ასევე წერია, რომ ასამბლეა მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეასრულოს რიგი პირობები, აღმოფხვრას ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზები და შექმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რაც ხელს შეუწყობს მომავალ თვეებში გამოცხადებულ, დემოკრატიული ახალი არჩევნების ჩატარებას. ანგარიშის მხარდაჭერის შემთხვევაში ევროსაბჭოში "ქართული ოცნების" დელეგაციას შეუჩერდება რიგი უფლებები, მათ შორის კომიტეტებში. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, ანგარიში ქართული ოცნებისთვის უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება. თავად უმრავლესობის ლიდერები კი იმედოვნებენ, რომ ასამბლეის წევრები არ დაჰყვებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ იარაღად ქცევის მცდელობებს.