სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადებით, თუ პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან 30 დღეში ახალი მთავრობა ვერ შედგება, ქვეყანაში შეიძლება, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. სერბეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე ემუქრება და მთავრობამ სტუდენტების ყველა მოთხოვნა შეასრულა. სერბეთში საპროტესტო აქციები უკვე ორი თვეა, მიმდინარეობს. აქციები დაიწყო ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, როდესაც სადგურის ბეტონის კონსტრუქციის ჩამონგრევას 15 ადამიანი ემსხვერპლა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ტრაგედიის მიზეზი სამთავრობო კორუფცია და ნეპოტიზმი გახდა, რის გამოც ნაგებობა უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით არ იყო აგებული. ისინი სწრაფ გამოძიებას და სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან მომხდარზე პასუხისმგებლობის აღებას მოითხოვენ.