აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ფედერალური დაფინანსების შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის ბრძანება დროებით შეაჩერა. მოსამართლემ გადაწყვეტილება განკარგულების ძალაში შესვლამდე რამდენიმე წუთით ადრე მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ტრამპის ადმინისტრაციას არ აქვს უფლება, უკვე არსებული დაფინანსების პროგრამები ამერიკის დროით, 3 თებერვლის საღამოს ხუთ საათამდე შეაჩეროს. გადაწყვეტილება იმ პროგრამებს ეხება, რომლებზეც ფედერალური მთავრობის მიერ დაფინანსება უკვე გამოყოფილია. მართვისა და ბიუჯეტის ოფისის მოქმედმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ფედერალური დაფინანსება იქამდე შეჩერდებოდა, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაცია ყველა გრანტსა და სესხს არ გადახედავდა და დაადგენდა შეესაბამებოდა თუ არა ის პრეზიდენტის პრიორიტეტებს. დაფინანსების შეჩერება ასევე საგარეო დახმარებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განკუთვნილ თანხებს ეხება.