ივანიშვილის დელეგაციის წევრების მიმართ ამოქმედდება სანქციები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან, რომელიც მათ კომიტეტებში წევრობის ან მონაწილეობის უფლებას უკრძალავთ, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან ამოქმედდება სანქციები, რომლითაც „ქართული ოცნების“ დელეგაციის წევრებს არ ექნებათ კომიტეტებში წევრობის ან მონაწილეობის უფლება და მათ მხოლოდ ფორმალურად უნარჩუნდებათ უფლებამოსილება აპრილამდე - რათა ახალი არჩევნები ჩაინიშნოს.
„დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პლენარულ სხდომაზე კენჭი უნდა უყაროს რეზოლუციას, რომელიც მონიტორინგის კომიტეტმა მიიღო, სადაც გრძელდება სასანქციო პოლიტიკა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ეროვნული სანქციების შემდეგ, უკვე ამოქმედდება სანქციები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან, სადაც ივანიშვილის დელეგაციის წევრებს, არ ექნებათ კომიტეტებში წევრობის ან მონაწილეობის უფლება და მათ მხოლოდ ფორმალურად უნარჩუნდებათ უფლებამოსილება აპრილამდე - ერთადერთი მიზნით, რომ ქვეყანაში ახალი, თავისუფალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნოს, რომელიც ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას ასახავს.
ამიტომ ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და წარმატება ქართული დემოკრატიისთვის, ივანიშვილის რეჟიმის საერთაშორისო არ აღიარებისთვის, სასანქციო პოლიტიკისთვის და იმ საბოლოო მიზნისთვის, რომელიც დღეს ქართულ საზოგადოებას აერთიანებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლების, დამნაშავეების დასჯის და ახალი, თავისუფალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნის სახით”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.