არ ვიღებთ არც შანტაჟის ენას, არც ულტიმატუმებს - ულტიმატუმებით და შანტაჟით ესაუბრონ მათ, ვისთანაც გასვლიათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა PACE-ის მონიტორინგის კომიტეტის მიერ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან დაკავშირებით „ქართული ოცნებისთვის“ ორი ვარიანტის შეთავაზებას.
როგორც კალაძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ და მხოლოდ პარტნიორობა უნდა.
„ჩვენ არ ვიღებთ არც შანტაჟის ენას, არც ულტიმატუმებს. გვინდა მხოლოდ და მხოლოდ მეგობრობა, პარტნიორობა და ეს დამოკიდებულება და ასეთი განცხადებები, კატეგორიულად მიუღებელია. ეს არ არის არც მეგობრობა და არც პარტნიორობა. ულტიმატუმებით და შანტაჟით ესაუბრონ მათ, ვისთანაც გასვლიათ“, - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება ზოგადად ბოლო თვეების განმავლობაში დასავლელი პარტნიორების განცხადებებს, კალაძე ამბობს, რომ ბევრი არასამართლიანი განცხადება გაკეთდა, რაც „კატეგორიულად მიუღებელია“.
„ჩვენ ბოლო თევებისა და კვირების განმავლობაში მოვისმინეთ ძალიან ბევრი არასამართლიანი განცხადება, რომელიც დაფუძნებული იყო სიცრუეზე, ტყუილზე, შესაბამისად, ამ ტიპის განცხადებები და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. გვინდა მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანობა, მეგობრობა და ურთიერთობების გაღრმავება“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, PACE-ის მონიტორინგის კომიტეტი ასამბლეას საქართველოსთან დაკავშირებით ორ ვარიანტს სთავაზობს, კერძოდ, საქართველოს დელეგაციის მანდატების გარკვეული პირობებით აღიარებისა და არაღიარების.
პირველი ვარიანტის თანახმად, მოხდება საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება იმ პირობით, რომ 2025 წლის აპრილამდე საქართველოს ოფიციალური პირები: დაიწყებენ “ნამდვილად დემოკრატიული ახალი არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო გარემოს” შექმნაზე მუშაობას ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად; გადადგამენ ნაბიჯებს ევროკავშირში გაწევრიანების აღსადგენად; დაასრულებენ პოლიციურ სისასტიკეს და ადამიანის უფლებების დარღვევებს; შეწყვეტენ დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების ბოროტად გამოყენებას და ბოლომდე პატივს სცემენ გამოხატვისა და შეკრების უფლებას. ამ ვარიანტში, ასამბლეა 2025 წლის აპრილში შეაფასებს ამ პუნქტებზე საქართველოს პროგრესს და საშუალება ექნება საქართველოს დელეგაციის მანდატებს გადახედოს, მათ შორის შეაჩეროს კიდევაც.
მონიტორინგის კომიტეტი მიერ მომზადებულ მეორე ვარიანტში საქართველოს ოფიციალური პირებისადმი მოთხოვნები იგივე რჩება, ერთადერთი სხვაობა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ვარიანტში არ მოხდება PACE-ში საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება.