ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა. ამას ცხადყოფს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა. უფრო დეტალურად კი, 2024 წლის დეკემბერში, ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 12.63% შეადგინა, რაც 0.6%-ით არის გაზრდილი თვის ჭრილში და 1.37%-ით წლიურ მაჩვენებელთან შედარებით. ამავე მონაცემების მიხედვით, 2024 წლის ნოემბერში ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ, 12.03% იყო, ხოლო 2023 წლის დეკემბერში - 11.26%. ამასთან, სებ-ის მონაცემებით, სამომხმარებლო სესხებზე, საპროცენტო განაკვეთი 2024 წლის დეკემბერში წლიურად 0.27%-ით გაიზარდა და 18.16% შეადგინა. ხოლო, უზრუნველყოფილი სესხების საპროცენტო განაკვეთი (ლარში) 14.66% იყო, რაც 1.42%-ით მეტია წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 29 იანვრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვა.