აშშ-ს ემიგრაცის სამსახურს ბიუჯეტი არ ჰყოფნის, რათა ტრამპის განკარგულება მასობრივი დეპორტაციის შესახებ სრულფასოვნად აღასრულოს. საქმე იმაშია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების ორგანოს, რომელსაც მასობრივი დეპორტაციის შესახებ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანების შესრულება ევალება, ბიუჯეტის დეფიციტი ემუქრება. ამის გამო კი, 47-ე პრეზიდენტის ადმინისტრაცია სხვა უწყებებიდან ფინანსების გადამისამართების საკითხზე მუშაობს - ინფორმაციას NBC News-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თეთრი სახლი ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციის, კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოსა და სანაპირო დაცვისგან თანხების აღების შესაძლებლობას იკვლევს. როგორც NBC News-ი წერს, ტრამპის ადმინისტრაციას უფლება აქვს, გადაანაწილოს კონგრესის მიერ ათვისებული თანხები შიდა უსაფრთხოების დაპარტამენტის ფარგლებში ერთი სააგენტოდან მეორეზე, თუმცა თეთრმა სახლმა ასეთი ქმედებების შესახებ კონგრესს უნდა აცნობოს, რადგან ფინანსური სახსრების გადარიცხვის მასშტაბები შეზღუდულია. როგორც გამოცემა წერს, ტრამპის ადმინისტრაცია არ იქნება პირველი, ვინც ამას იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების ორგანოს ბიუჯეტის დეფიციტის ასანაზღაურებლად გააკეთებს. აღსანიშნავია, რომ ამ სამსახურს ბიუჯეტში 230 მილიონი დოლარის დეფიციტი ტრამპის გაპრეზიდენტებასა და დეპორტაციის გაძლიერებამდეც ჰქონდა, როცა დღეში, დაახლოებით, 282 პირის დაკავება აღირიცხებოდა. ახლა კი, მხოლოდ ერთ დღეში იმიგრაციის სამსახურმა 1 200-ზე მეტი ადამიანი დააკავა. გამოცემის ცნობით, უსაფრთხოების სამსახურის მაღალი თანამდებობის პირებმა იმიგრაციის სამსახურის ხელმძღვანელებს განუცხადეს, რომ სააგენტომ დღეში 1 200-დან 1 500-მდე არალეგალი ემიგრანტი დაპატიმრება უნდა შეძლოს. NBC News-ის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ერთი ადამიანის დეპორტაცია საშუალო 10 500 დოლარი ჯდებოდა. ამ თანხაში შედის - არალეგალი პირის დაკავება, მისი პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სამშობლოში ფრენის ხარჯები. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ინუგურაციის შემდეგ ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ხელისუფლებას აძლევს უფლებას, ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ შესაბამისი ზომები მიიღოს.