საპროტესტი თეატრალიზირებული მანიფესტი რეგიონებში ოფიციალურად დაიწყო. ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის" დასი აჭარაში გაემგზავრა. ამჯერად, მსახიობები საკუთარ პოზიციას მაყურებლის წინაშე ბათუმში დააფიქსირებენ. როგორც თავად მსახიობები ამბობენ, ის სცენა, რომელიც თეატრს გასცდა, ამჯერად, მაყურებლის გვერდით დაიდგმება. რაც შეეხება დედაქალაქსა და რეგიონებში მიმდინარე უწყვეტ პროტესტს - აქციის 66-ე დღეს, თბილისსა და რეგიონებში 10 აქცია-მსვლელობა გაიმართება. 19:00 საათზე, საპროტესტო აქცია დაგეგმილია „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ და საქართველოს პარლამენტთან. მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული ადამიანები.