„ქართული ოცნების“ წევრები გამოეხმაურნენ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციატივას, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახურვას უკავშირდება - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები USAID-ის დახურვას დადებითად აფასებენ. მათი განცხადებით, საქართველოში დასავლეთის დაფინანსება ოპოზიციას და, როგორც თავად ამტკიცებენ, რადიკალურ ქმედებებს ხმარდებოდა. ისინი ასევე ამბობენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლების ღირებულებებს იმეორებს. გასულ შაბათ-კვირას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ USAID-ის უსაფრთხოების სამსახურის ორი მაღალი თანამდებობის პირი მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც ისინი შეეცადნენ მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის შენობის გარკვეულ ნაწილებზე წვდომა შეეზღუდათ.