აღმაშენებლის ხეივანზე გუშინდელ საპროტესტო აქციაზე პოლიციელები აქციის მონაწილეებს რამდენჯერმე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - მათ 31 მოქალაქე დააკავეს და არაერთი მათგანი ფიზიკურადაც დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ მოქალაქეები პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს - ზოგიერთმა დაკავებულმა იზოლატორი ხელწერილის საფუძველზე უკვე დატოვა. გუშინდელ საპროტესტო აქციას არასამთავრობო ორგანიზაციებში გამოეხმაურნენ - მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საზოგადოებამ პოლიციის მხრიდან იხილა „აბსოლუტურად შეუკავებელი ძალადობა“, რომელსაც პოლიციის მიერ წესრიგის დაცვასთან არაფერი აქვს საერთო. ამავდროულად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, აქციის მონაწილეების მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. აქციის დროს დაშავებული მოქალაქეები „ვივამედსა“ და „ინგოროყვას“ კლინიკებში მკურნალობენ.