„ვერ დაგვაშინებთ“ - სწორედ ეს იყო საპროტესტო აქციის 69-ე დღეს მომიტინგეთა მთავარი გზავნილი. ისინი ამბობენ, რომ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები, მათ შორის თბილისი მოლის ტერიტორიაზე სამართალდამცველთა მობილიზება, დაკავებები, ფიზიკური ანგარიშსწორება და კანონების გამკაცრება არა დემონსტრანტთა - არამედ „ქართული ოცნების" შიშზე მეტყველებს. უკვე 2 თვეზე მეტია, ქუჩებში გამოსული მოქალაქეები პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ - მათი მოთხოვნები უცვლელია. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი საპარლამენტო არჩევნები- ეს ის საკითხებია, რასაც დემონსტრანტები რუსთაველის გამზირსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მუდმივ რეჟიმში აჟღერებენ.