საბერძნეთის კუნძულ სანტორინს ათასობით ადამიანი, მათ შორის ადგილობრივი მცხოვრებლები და ტურისტები ტოვებენ. კუნძული ჯამში ცხრა ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზი ბოლო სამ დღეში დაფიქსირებული მიწისძვრები და ვულკანის ამოფრქვევის საფრთხეა. მოსახლეობა კუნძულიდან გემებით და თვითმფრინავებით გაჰყავთ. ბოლო 72 საათის განმავლობაში სანტორინიზე 300-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა, ბიძგების საშუალო სიმძლავრე 3-დან 5 მაგნიტუდამდე მერყეობს. სეისმოლოგების განცხადებით, ბიძგები, შესაძლოა, რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს. საბერძნეთის ხელისუფლებამ კუნძულზე სკოლები დახურა და მოსახლეობა გააფრთხილა, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავი შეიკავონ. ხალხის ნაწილი საფრთხის გამო კარვებსა და ავტომობილებში ათენებს. ჯერჯერობით კუნძულს დიდი ზიანი არ მიუღია, მაგრამ მცხოვრებლები საგანგებო ზომებს მაინც იღებენ. საერთო ჯამში, კუნძულზე დაახლოებით 15 000 ადამიანი ცხოვრობს. საბერძნეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბოლოდროინდელი ბიძგები ტექტონიკური ფილების მოძრაობებსა და ვულკანურ მოქმედებასთან არის დაკავშირებული.