ამ ქვეყანაში ვიღაცებს ერთი კონკრეტული ადამიანის ეშინიათ, მაგრამ გირჩევდით, რომ ყველას გეშინოდეთ ღმერთის, - ამ სიტყვებით იუმორისტმა ონისე ცხადაძემ, რომელსაც ჯგუფურ ძალადობას ედავებიან, სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარეს მიმართა.
ონისე ცხადაძის თქმით, „მაგარი გრძნობაა“ როდესაც რეალურად თავისუფალი ხარ და არ ხარ დამოკიდებული იმაზე, „ვინ რას დაგავალებს“.
„მე მინდა, რომ ნული ირონიით, ნული ბოროტებით და კეთილი გულით პირველ რიგში თქვენ გისურვოთ თავისუფლება. მინდა რომ გამოცადოთ, რა მაგარი გრძნობაა, როცა არავის აზრზე არ ხარ დამოკიდებული, ვინ რას დაგავალებს. მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ ხართ ადამიანები, როლებმაც 19-20 წლის ბიჭების დედები ატირეთ ციხეებთან. ეს არ დაგავიწყდეთ და ცოტა შეგრცხვეთ.
ამ ქვეყანაში ვიღაცებს ერთი კონკრეტული ადამიანის ეშინიათ, მაგრამ გირჩევდით, რომ ყველას უნდა გვეშინოდეს ღმერთის. ის კონკრეტული ადამიანი ღარიბაშვილის შემქმნელია, ხოლო ღმერთი სამყაროსი. ყველაფერი კარგად იქნება, მადლობელი ვარ ყველასი, რომ მხნეობას გვაძლევთ“, - განაცხადა ონისე ცხადაძემ.