ეროვნული ბანკი, კომერციული ბანკების ჯარიმების მოცულობას, საზედამხედველო კაპიტალის მაქსიმუმ ერთ პროცენტამდე ზრდის, ანუ აათმაგებს. როგორც სებ-ში აცხადებენ, შესაბამისი ცვლილება, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო, მათ შორის, ევროპული პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე შემუშავდა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, „კომერციული ბანკებისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესში“ შევიდა. ცვლილების მიხედვით, მაქსიმალური ჯარიმის ოდენობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 0.1 პროცენტიდან გაიზარდა ერთ პროცენტამდე. არსებული პრაქტიკის შესაბამისად, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრა დარღვევის სერიოზულობის, ან/და კომერციული ბანკის აქტივებისათვის მიყენებული ზარალის, ან/და შესაძლო საფრთხიდან გამომდინარე მოხდება. მარეგულირებელი ორგანო თავის გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ამა თუ იმ დარღვევისთვის განსაზღვრული ფულადი ჯარიმა უნდა იყოს ეფექტური, პროპორციული და ჰქონდეს პრევენციული ეფექტი. „ამის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, ფულადი ჯარიმა განისაზღვროს როგორც დარღვევის, ისე საზედამხედველო სუბიექტის ზომისა და განვითარების დონის პროპორციულად. საქართველოს საბანკო სექტორი კი საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება, რაც დასტურდება შესაბამისი მაჩვენებლებით. ამიტომ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ცალკეული დარღვევებისათვის მარეგულირებელი ჩარჩოთი გათვალისწინებული ფულადი ჯარიმების შესაძლო მაქსიმალური ოდენობის გაზრდა.“ _ ნათქვამია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაში.