ქართული ვაშლის 99%-ზე მეტი რუსეთში გადის, თხილი კი ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში. ბოლო შვიდ თვეში საქართველოდან რუსეთში 12 848 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა. როგორც უკვე გითხარით უდიდესი ნაწილი რუსეთში გავიდა, თუმცა მცირე რაოდენობით გაიტანეს ყაზახეთში, თურქეთსა და სომხეთში. საერთო საექსპორტო ღირებულებამ კი, 8.2 მლნ დოლარი შეადგინა. საინტერესოა, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობაცა და ღირებულებაც დაახლოებით 6-ჯერ არის გაზარდილი. გაზრდილია ასევე საქართველოდან თხილის ექსპორტიც და ფასიც, თუმცა ვაშლისგან განსხვავებით მისი სარეალიზაციო ბაზარი ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებია: იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი და ჩეხეთი.ბოლო შვიდ თვეში საქართველოდან 84.4 მლნ დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი მოხდა, რაც მოცულობაში დაახლოებით 14 ათასი ტონაა. თხილის საშუალო საექსპორტო ფასი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16%-ით გაიზარდა და კილოგრამზე 6.14 დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა დაახლოებით 2 ათასი ტონით, ანუ 18%-ით გაიზარდა, ხოლო ღირებულება - 22.4 მლნ დოლარით, ამ შემთხვევაში ზრდამ 36%-ი შეადგინა.